პოზიტიურ მოლოდინი არ გვაქვს, ეს იქნება ტესტი იმისა, რამხელა წნეხშია მოქცეული, საკონსტიტუციო სასამართლო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე კომენტირებისას განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ინსტიტუცია, სამართალდამცველები და მთლიანად მართლმსაჯულება არის ერთი კაცის და ერთი პარტიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე, პოზიტიურ მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ტესტი იმისა, თუ რამხელა წნეხში არის მოქცეული, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო იმიტომ, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ ყველა უწყება უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ბოლო პერიოდში, რაც გააკეთეს და მითუმეტეს რუსული კანონის მიღების ფონზე, მათ ევროპის საწინააღმდეგოდ კურსი პირდაპირ ჩრდილოეთისკენ, რუსეთის საამებლად აიღეს. აქედან გამომდინარე, ბევრიც არაფერია განსახილველი, ყველაფერი ძალიან მარტივია და ზედაპირზეა, მარტივად შეიძლება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. დაველოდოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო განსჯის და დასკვნის მერე შეგვეძლება გავაკეთოთ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცხადებები“, - განაცხადა ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსთან“.