„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა.
ნებართვა გაიცემა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია/აკრედიტაციის საბჭოს ექსპერტებსა და ასევე, განათლების ნებისმიერ საფეხურზე ავტორიზაცია/აკრედიტაციის და აპელაციის საბჭოს წევრებზე.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 90 ხმით დაამტკიცა, პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.




