პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა ნაცვლად 4 წლისა, 6 წლით განისაზღვრება.

ამასთანავე, ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა გავრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე. აღნიშნული დაწესებულებები ავტორიზებულად ჩაითვლებიან ავტორიზაციის მინიჭებიდან ექვსი წლის ვადით.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.