პარლამენტში გრძელდება პარლამენტის წევრების შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან. სამუშაო დღის ბოლოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც თამარ კორძაია, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, თამარ ჩარკვიანი და არმაზ ახვლედიანი ესწრებოდნენ, საუბარი, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესს, დეპოლარიზაციის საკითხის გადაჭრის მნიშვნელობას და სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობას შეეხო.

„ჩვენი ევროპელი კოლეგები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესს სწავლობენ. მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად ისევ და ისევ გამოიკვეთა დეპოლარიზაციის საკითხის გადაჭრა და სასამართლო სისტემის რეფორმა და ანტიკორუფციული საკითხები. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან სწორედ ამ საკითხებთან მიმართებაში და ველოდებით მათ შეფასებას და ოცნების მოქმედებას იმისათვის, რომ 12 პუნქტი იყოს ნორმალურად შესრულებული“,-განაცხადა თამარ კორძაიამ.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ყურადღება გამახვილდა რამდენიმე მნიშვნელოვან  საკითხზე, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის, ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით.
„ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ, როგორიც არის სასამართლო სისტემის მიმართულება,  რამდენად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ისე როგორც ანტიკორუფციული მიმართულებები, დეოლიგარქიზაციის საკითხები.  დღეს მთავარია,  რომ პოლარიზაცია პოლარიზაციის წყაროების მხრიდან წავიდეს რამენაირად დასრულებისკენ. სხვაგვარად რეკომენდაციების თუნდაც შინაარსობრივად შესრულებას ფასი არ ექნება“,-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.