ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია გუშინ, გლდანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი გლდანში განვითარებულ პროცესებთან კონსტანტინე ზარნაძის კავშირს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომებზე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, თუმცა ამას გაგრძელება არასდროს მოჰყოლია.
ოთარ გრიგოლია დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და მათ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. პირველ რიგში მინდა, ირაკლი ეძგვერაძეს და ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელება ვუსურვო. გამოძიება უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უმოკლეს ვადებში დადგინდება. საკრებულოს სხდომაზე მწვავე განცხადებები და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, თუმცა საკრებულოს შენობის გარეთ ამას გაგრძელება არასდროს მოჰყოლია. მხოლოდ ამის გამო ისრების ჩვენკენ გადმოტანა არასწორია. ვფიქრობ, აქ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამას დაადგენს.
ჩვენს ინტერესებში შედის ის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამ პროცესში კონსტანტინე ზარნაძის კავშირს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცალსახად გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ, ვუსურვებ დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას და მოვუწოდებ მათ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. . გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.
სწორედ ამ ადგილას დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
გუშინ, კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა რომ მას თავს დაესხნენ.
მისი თქმით, გუშინ მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილი, რომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მაქვს მანქანის ნომერიც, ფერიც. ისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერები, რომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
„აქეთკენ მიდიხართ? ქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ეს არის თქვენი მიმართულება? ცეცხლს ეთამაშებით, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მოგვიანებით კი თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა.
ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.
შსს-მ თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ წესით დააკავა