რამდენიმე საათის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებია: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა თბილისში, გლდანის რაიონში დააკავეს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს: "გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა
წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა."
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. . გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.
სწორედ ამ ადგილას დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
დღეს, კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა რომ მას თავს დაესხნენ.
მისი თქმით, გუშინ მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილი, რომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მაქვს მანქანის ნომერიც, ფერიც. ისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერები, რომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
„აქეთკენ მიდიხართ? ქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ეს არის თქვენი მიმართულება? ცეცხლს ეთამაშებით, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.