"დღეს პრემიერ-მინისტრი არის ძალიან ძლიერი, გუნდი „ქართული ოცნება“ არის ძალიან ძლიერი და საბედნიეროდ, ამას ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს", - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში გააკრიტიკეს
„ხაზგასასმელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები, როგორ იცით ბოლო ორი წელია 10 % იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მნიშვნელოვნად შემცირებულია სიღარიბე. იგეგმება ძალიან მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება. სამწუხაროდ, თქვენ არ გინდათ დაინახოთ ის, რაც რეალურად ამ ქვეყანაში კეთდება და ის წარმატება რაც რეალურად გვაქვს“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ სხდომაზე.
ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმატება რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია.
"გასაგებია თქვენი აგრესია პრემიერ-მინისტრის მიმართ, ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ ერთი რამე ცხადია, საბედნიეროდ, წარმატება რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტულია და მოსახლეობის განწყობაც ამისი უტყუარი დასტურია",- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.