თბილისის საკრებულოში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.
„შემოგვივარდნენ ეს არაკაცები, ესენი ამას ხომ ისე ვერ გაბედავენ, პოლიცია და სახელმწიფო რომ არ უმაგრებდეს ზურგს. არ ვიცი საერთოდ რაში წერია ასეთი მოქცევა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ყველანი ერთნაირად, მე განსაკუთრებით გამისწორდნენ. ყველამ ნახეთ საკრებულოში რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, იმის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. ყველას ვიცნობ, ვინც იყვნენ. ყველას ამოვიცნობ, ყველას ამოცნობა შემიძლია.
რა თქმა უნდა, ზარნაძეს უდგანან ესენი 2020 წლის არჩევნებში, კალაძესაც, 2021 წლის არჩევნებშიც უბანში იარაღით რომ მოვარდნენ, ზარნაძის გარემოცვაა, ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში. ოფიციალური პირებიც იყვნენ, მაგალითად, ტატო ხუნდაძე, „ქართული ოცნების“ აქტივისტია“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ კომენტარში ეძგვერაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, სავარაუდო დამკვეთები არიან თუ არა კოტე ზარნაძე, ან კახა კალაძე, ეძგვერაძე ასე პასუხობს:
„კალაძე არ ვიცი, მაგრამ ზარნაძე რომ არის, 100 %-ით ვიცი“, - განაცხადა ეძგვერაძემ.
ცნობისათვის, ეძგვერაძის თქმით მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილი, რომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მაქვს მანქანის ნომერიც, ფერიც. ისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერები, რომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
„აქეთკენ მიდიხართ? ქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ეს არის თქვენი მიმართულება? ცეცხლს ეთამაშებით, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.