თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს მმართველი პარტია პრორუსულ პოლიტიკას ატარებს აბსურდულია. ოთარ გრიგოლიას თქმით, ოპოზიციის მხრიდან ეს არის გაუგონარი და დაუსაბუთებელი ბრალდება.
ოთარ გრიგოლიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ათობით რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიას ეხება. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა საკრებულოს ტრიბუნა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის გამოიყენონ.
„გთხოვთ, თქვენი რიტორიკა შეინახეთ თქვენთვის და ისაუბრეთ თემებზე, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტს. „ქართულ ოცნებას“
ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მკაფიო გეზი აქვს აღებული და თუ ვინმესთვის ეს დისკომფორტს წარმოადგენს, ძალიან გთხოვთ, თქვენი სურვილები გადადოთ იმ დროისთვის, თუ თქვენ საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა გექნებათ. დარწმუნებული ვარ, თქვენი საგარეო პოლიტიკა იქნება არასწორი, უპასუხისმგებლო და ქვეყანას ომში ჩაითრევთ. იმ პირობებში კი, როდესაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ქვეყანაში მშვიდობა იქნება“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიცია თავისი რიტორიკით ხელს უწყობენ ესკალაციას და დაძაბულობას.