ნიუ იორკის ფედერალურმა მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შეუძლია, საჯაროდ გამოაქვეყნოს ჯეფრი ეპშტეინის სასამართლოს ჩანაწერები.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა აშშ-ის რაიონული მოსამართლის, რიჩარდ ბერმანის ბრძანება, რომლის მიხედვითაც დოკუმენტებზე საჯარო წვდომა დასაშვები არ იყო.
მედიის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, ეპშტეინის შესახებ ფაილები მომავალი კვირის ბოლომდე გამოაქვეყნოს.
ცნობისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში.
გასულ თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები.
დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რამე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული.
თარგმანი: პირველი არხი








