ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სენატში. ეს არის სენატის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი კოლეგა. ორივე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ვითარება მთელს მსოფლიოში.

„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ვითარება მთელს მსოფლიოში, ამავდროულად ის ოკუპაციის პრობლემა, რომელიც საქართველოს ადარდებს და კანადის მხარეს მადლობა გადავუხადეთ არაღიარების პოლიტიკისთვის. კანადა აპირებს, რომ მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნოს და დივერსიფიკაცია გაუკეთოს საკუთარ საინვესტიციო პორტფოლიოს, შესაბამისად საქართველო, როგორც ეკონომიკურად ძალიან წარმატებული, როგორც ბიზნესის კეთების რეიტინგებში ერთ-ერთი საუკეთესო „რენქინგის“ ქვეყანა და ამავდროულად კანონის უზენაესობის მიმართულებით კარგი მაჩვენებლების ქვეყანა ნამდვილად წარმოადგენს კანადისთვის ინტერესის სფეროს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფს შეხვდა.