საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლის გააქტიურება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გაზრდა და ქვეყნებს შორის პირდაპირი, აქტიური კომუნიკაციის გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია.

ნინო წილოსანმა და დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორებს შორის ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან კანადის მზარდი დაახლოების პარალელურად, მნიშვნელოვანია კანადამ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებები ქვეყნის რეალურ რეფორმატორულ პროგრესსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით მიიღოს, სადაც საქართველო ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს იკავებს. კანადურმა მხარემ დაადასტურა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, გამოხატა ინტერესი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით და მზაობა, ხელი შეუწყოს საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას.