ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე რა თქმა, უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდნენ, იცავდნენ ქალების და ბავშვების უფლებებს. უცებ მათ ჩამოიხსნეს ნიღბები და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები, ადამიანის უფლებებზე პირველი თავდამსხმელები აღმოჩნდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკოსებს, წლების განმავლობაში სპეციალურად ტრენინგდებოდნენ, თუ როგორ შეელახათ მოხერხებულად ადამიანის ღირსება.

„ჩვენი საზოგადოება ხედავდა ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ აქტივისტი, ან პოლიტიკური აქტივისტი და ხშირ შემთხვევაში ორივე ერთი და იგივე ადამიანი იყო.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში სპეციალურად ტრენინგდებოდნენ, თუ როგორ შეელახათ მოხერხებულად ადამიანის ღირსება, როგორ დაემცირებინათ ეფექტურად ადამიანი და როგორ გაეხადათ ეს პროცესი არაჰუმანური“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონსა და მის გავლენაზე სიძულვილის ენის კამპანიასთან მიმართებით.

„ჩვენ ვხედავდით ჩვენს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორ იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და როგორ აღიარებენ, რომ უცხოური ჩარევა მათ რეალობაშიც არის სინამდვილე. ჩვენ ამ კანონის მიღებით დავიწყეთ საკვანძოდ მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და არავითარ შემთხვევაში გარედან დაფინანსებული აგენტურა. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანის ღირსება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული, აბსოლუტური და ფუნდამენტური უფლება უნდა იქნეს დაცული სახელმწიფოს მხრიდან “, - განამარტა წილოსანმა.