„ახალგაზრდობა და განათლება ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტია. კარგად გვესმის, რომ ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო იქმნება სწორედ იქ, სადაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების თანაბარი, ხელმისაწვდომი პირობები აქვთ“,  - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი გვილავას, გაწეული საქმიანობისთვის  მადლობა გადაუხადა.

როგორც შალვა სუთიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა,  თბილისის მუნიციპალიტეტი უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ახორციელებს ახალგაზრდებისთვის. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური კი ყოველწლიურად ამ მიმართულებით  პროგრამების მასშტაბებს ზრდის.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, თემატური საზაფხულო პროგრამებისა და მიზნობრივი ბანაკების ფარგლებში ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობები სრულიად უფასოდ ეძლევათ.

„მათ შორის წელს თბილისში მცხოვრები 3 000-მდე ახალგაზრდა უკვე ჩაერთო ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მასშტაბურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ და საზაფხულო პროგრამებში. ახალგაზრდებისთვის მოეწყო მანგლისის სათავგადასავლო ბანაკი, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ევროპელი მონაწილეების ჩართულობით.

ეს ციფრები და კონკრეტული პროგრამები მკაფიო და ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით. ჩვენ ამით არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს, იმოგზაუროს, დაკავდეს სპორტით და გახდეს ჩვენი ქვეყნის წარმატების თანამონაწილე“,  - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.