ბათუმში ახალი №21 საჯარო სკოლა გაიხსნა, №4 და №5 საჯარო სკოლები კი სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.
ახალი №21 საჯარო სკოლა გახსნა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიულოცეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით გრძელდება და წელს აჭარას ოთხი ახალი სკოლა შეემატა, მომავალ წელს კი კიდევ შვიდი ახალი სკოლის აშენება იგეგმება.
„ჩვენი რეგიონისა და ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. დღეს აქ იწერება ჩვენი რეგიონის ახალი ისტორია.
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და განვითარებაა. მომავალ თაობაში ჩადებული გრძელვადიანი ინვესტიცია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ახალ სასწავლო წელს აჭარაში ოთხი ახალი სკოლით შევხვდით. მომავალ წელს რეგიონს კიდევ შვიდი ახალი სკოლა შეემატება. ეს არის ის დინამიკა, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ჩვენს ბავშვებზე ზრუნვას ემსახურება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენს პატარებზე. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათ ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, ჩვენს ბავშვებს კი – ნათელი, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის წარმომადგენლებმა ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერეს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული სკოლა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსებულია სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები და ღია მოედანი. სკოლის მშენებლობისა და აღჭურვის ღირებულება 8 500 000 ლარია.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომელთა განახლება მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა, მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.








