თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯა.

 საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავა.

გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.