გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული რევოლუციური მოწოდება, ვფიქრობ, რომ ვერანაირ განსაკუთრებულ ეფექტს ვერ მოახდენს იმ გაცამტვერებული და დამარცხებული ოპოზიციის სასარგებლოდ, ვისთვისაც სამწუხაროდ, გაკეთდა ეს ყველაფერი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
„გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული ვიღაცის თვითშემოქმედებაა, რომელიც საელჩოს დისკრედიტაციას უფრო მეტად ახდენს, ვიდრე შეძლოს რაიმე რევოლუციური პროცესების პროვოცირება. ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ემოციური და გონებრივი მდგრადობა აჩვენა გარე მოწოდებების, დაშანტაჟებისა და დაშინებების მიმართ. ამიტომ ეს რევოლუციური მოწოდება, ვფიქრობ, რომ ვერანაირ განსაკუთრებულ ეფექტს ვერ იმუშავებს იმ გაცამტვერებული და დამარცხებული ოპოზიციის სასარგებლოდ, ვისთვისაც სამწუხაროდ, გაკეთდა ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, ეს პოსტი თავად საელჩოს დისკრედიტაციას ახდენს, რადგან ყველანაირი სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფაზეა საუბარი. დიპლომატიური ენის მიღმა რევოლუციურ მოწოდებებია. აქ სიტყვა „მშვიდობიანი“ რევოლუციის გასალამაზებლად არის“, - აღნიშნა წილოსანმა.
მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა საკმაოდ დიდი პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. კანცლერმა დაითხოვა ფინანსთა მინისტრი და ფაქტობრივად, კოალიცია და მთავრობა დაიშალა, მარტში სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნები გაიმართება.
„ამიტომ, თუ საელჩო ან მისი რომელიმე წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არჩევნების ალტერნატივაა რევოლუცია, რა თქმა უნდა, მათ მარტში არჩევნების ნაცვლად შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გამოვიარეთ, 2003 წელს ვიწვნიეთ რევოლუციების ყველაზე ნეგატიური ეფექტები, ამიტომ ამის გამეორებას ნამდვილად არ ვაპირებთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია.