მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი - ამის შესახებ  სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, როგორც ექიმებისგან აქვს ინფორმაცია, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე, შევხვდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი. არ ვარ ექიმი, მაგრამ მახსოვს, როგორი იყო შარშან, იანვარში ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა. მკვეთრად არის დაკლებული წონაში. პრაქტიკულად მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის.

ექიმი ამბობს, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლაა. ექიმი ამას უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში. მას შემდეგ სააკაშვილს ემოციურ ფონზე მეტად დაუმძიმდა მდგომარეობა. ცოტას ჭამს, არასაკმარისად იკვებება.

ასევე, ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს უკვე ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. „ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ ის არ არის ჯანმრთელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.