მგონია, რომ მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს. ზურაბიშვილი, პირველ რიგში, აღარ არის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008–2012 წლებში, ნინო კალანდაძემ, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის  კითხვას, თუ რამდენად მოახერხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილიყო საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ერთგვარი მედიატორი, ნინო კალანდაძემ ასე უპასუხა:

"ბუნებრივია, რომ ის (სალომე ზურაბიშვილი) რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ასეთი წარმომადგენლობა - ანუ, ბარიერგადალახული სუბიექტები ვერ ახერხებენ იმ კოორდინაციის და იმ წარმომადგენლობითი პირის დეზიგნირებას, რომ მას (ზურაბიშვილს) ალტერნატივა ჰყავდეს. ამიტომ არის სასოწარკვეთილი საერთაშორისო თანამეგობრობა და ამბობენ, მოდი, დროებით ზურაბიშვილს შევუნარჩუნოთ ლეგიტიმაცია. მაგრამ, მას ხომ არ უყრია კენჭი, ის ხომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციის სათავეში, მას ხომ არ აქვს პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაცია? - ეს არის პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელი."