საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე რეფორმების პროგრესს.
ელჩთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევებსა და არაღირების პოლიტიკის საკითხებზე. ნიკოლოზ სამხარაძემ ფრანგ დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდ აგრესიაზე, აგრეთვე ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
„საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები“ , - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.