საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პროტოკოლის წესების განმარტებით იმ კრიტიკას პასუხობს, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრას მოჰყვა. მმართველი პარტიის დეპუტატი, რომელიც თავად შეხვდა გერმანელ კოლეგებს, ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან აუდიენციას არ ითვალისწინებს.
„როდესაც კომიტეტის დელეგაცია ჩამოდის, ძალიან იშვიათია ხოლმე, თუნდაც საგარეო კომიტეტის დელეგაცია იყოს ეს, ხვდებოდეს პრემიერ-მინისტრს, იმიტომ, რომ პროტოკოლურად ეს ასე არ ხდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში 3-ჯერ ვიყავით გერმანიაში ვიზიტით, როგორც კომიტეტის, ასევე, პარლამენტის დელეგაციის რანგში, თუმცა არც ერთხელ კანცლერთან შეხვედრა არ მოგვითხოვია.
იქიდან გამომდინარე, რომ გერმანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ძალიან ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამ პროტოკოლური წესებიდან გამონაკლისებს, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარეებსაც ვახვედრებთ უმაღლესი თანამდებობების პირებს.
აქ კიდევ ერთი ნიუანსი იყო, ეს არის განცხადებები, რომელიც იმ კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, მიხაილ როტზე მაქვს საუბარი, საქართველოში ვიზიტისას, რომელ კომიტეტსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენთვის ძალიან რთულია და ძალიან მძიმეა, რომ ასეთი განცხადებების შემდეგ ასე დავსხდეთ და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ საუბარი, ისე, თითქოს არაფერი არ ყოფილა. მე ამის შესახებ ჩემს კოლეგებს ძალიან დაწვრილებით ვესაუბრე," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.