საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს, მაილს რობერტ არმიტაჟს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას.
ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ავსტრალია არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი წყნარი ოკეანის რეგიონში და მადლობა გადაუხადა ელჩს ავსტრალიის მხრიდან რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, შიდაპოლიტიკასა და სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა.