საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერებს შეხვდა.
მხარეებს შორის საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, შიდა-პოლიტიკური ვითარება, წინასაარჩევნო გარემო.
ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.
"შეხვედრაზე ჩვენ სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა. მათ შორის, საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესთაგის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთს ჰქონდა საქართველოში ვიზიტისას და გამოვთქვი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის მაღალი თანამდებობის პირი შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს და ქართულ ეკლესიას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.