მანილაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაუსტინო დის და პირველ ვიცე-სპიკერს, ფერდინანდ ერნანდესს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ფილიპინებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ფილიპინების მიერ გაერო-ში გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ფილიპინებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს, მათ შორის ტურიზმის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში.
აღინიშნა, რომ 2027 წელს საქართველო და ფილიპინები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის მნიშვნელოვანი საფუძველია. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ გამოთქვა ინიციატივა, დაიწყოს მუშაობა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას.
ქართულმა მხარემ ასევე წამოაყენა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინადადება.
მხარეებმა საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი მონაწილე ქვეყნის როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტი აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაადგილების ერთ-ერთი უმოკლესი, სწრაფი და ეკონომიკურად ეფექტიანი გზაა.
შეხვედრისას ასევე გამოიკვეთა ფილიპინებისთვის საქართველოს რეფორმების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ: ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თორნიკე ნოზაძე და საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში კაროლინ მარი კვინტო ლისინგი.










