დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომელიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰანგჯოუში ვიზიტი იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რამხელა ტექნოლოგიურ პროგრესს მიაღწია ჩინეთმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართულმა მხარემ, ჩვენმა კომპანიებმა, კერძო სექტორმა აქტიურად ითანამშრომლოს ჩინურ მხარესთან, რათა ის მიღწევები, ინოვაციები, რომლებიც ჩინეთს აქვს, მაქსიმალურად გაიზიარონ. ვიზიტის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ. იყო არაერთი შეხვედრა ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე გვქონდა საუბარი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებასა და გაღრმავებაზე. სასიხარულოა, რომ ჩინურ მხარეს ასევე ზუსტად იგივე მიდგომა აქვს საქართველოსთან მიმართებით. მათ ასევე სურთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წელს მაღალ, კიდევ ახალ დონეზე ავიდა. ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული შედეგები მოიტანა ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ვგულისხმობ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ჩინეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის მაქსიმალურად განვითარებით, დაინტერესებულია საქართველოსთან საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების გაზრდით.
„ასევე, მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩვენი ხედვა ემთხვევა, ამ მიმართულებით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი. სწორედ ჰანგჯოუში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენი რამ შეგვიძლია წამოვიღოთ ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით ჩინეთიდან. ამიტომ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას. მომავალ წელს ვიზეიმებთ 35 წლისთავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და, შესაბამისად, ამ საიუბილეო თარიღზე კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამახარაძემ.









