ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკანორ (ნიკა) მელია 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმით ჩატარებული IRI-ის კვლევის შედეგებს ფეისბუქ-პოსტით ეხმიანება.
„ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.
ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას და ახლა IRI-ს კვლევაში 40% ამბობს რომ ნაციონალურ მოძრაობას არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე.
მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.
ამ განწყობის არსებობა, მითუმეტეს ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს ოცნების პროპაგანდას...", - წერს ნიკა მელია.
„აიპრესმა" ნიკა მელიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა და ამასთან ერთად, წლის განმავლობაში ამომრჩეველთა მიერ პარტიებისადმი უარყოფითი განწყობის %-ული მაჩვენებლები ცვლილებების შედარებით ანალიზი ჩაატარა.
IRI-ის 2022 წლის სექტემბრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 33% აცხადებდა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა.
პარტიებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ამსახველ რეიტინგში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა „ქართულ ოცნებას - 30%.
IRI-ის 2023 წლის ამჟამინდელი გამოკითხვის შედეგების თანახმად, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ამომრჩეველთა უარყოფითი განწყობა 7%-ით არის გაზრდილი, ხოლო კვლავ მეორე ადგილზე მყოფი პარტიას „ქართული ოცნების" მიმართ უარყოფითი განწყობა 1%-ით არის შემცირებული.
ძირითად კონკურენტ პარტიების მიმართ უარყოფით განწყობათა შორის სხვაობა წლის განმავლობაში 3%-იდან 11%-მდეა გაზრდილი.
მესამე ადგილზე 18%-ით არის „გირჩი"-„დროა". წინა გამოკიხვის დროს ეს პარტიები ცალ-ცალკე ფიგურირებდნენ და მათდამი უარყოფითი განწყობების ჯამი 19% იყო („გირჩი" -12%; „დროა" - 7 %). შეიძლება ვთქვათ, რომ გაერთიანებამ თითოეულის მიმართ უარყოფითად განწყობილი ამომრჩეველი უმნიშვნელოდ „შემოაბრუნა".
ოთხ-ოთხი პროცენტით არის გაზრდილი ამომრჩევლის უარყოფითი დამოკიდებულება პარტიების „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „საქართველოსთვის" მიმართ, სამი პროცენტით კი პარტია „ლეიბორისტების მიმართ
ამომრჩევლის უარყოფითი განწყობა 18%-იდან 9%-მდეა შემცირებულია „პატრიოტთა ალიანსის" მიმართ, ხოლო 15%-იდან 12%-მდე „კონსერვატიული მოძრაობა" - „ალტ-ინფოს" მიმართ, რაც, შესაძლოა, გამოწვეულია გამოკითხვებს შორის პერიოდში და უშუალოდ ბოლო გამოკითხვის წინ ამ პარტიათა აქტივობების შემცირებით.
წინა გამოკითხვასთან შედარებით თითო-თითო პროცენტით ნაკლებად უარყოფითად არიან ამომრჩევლები განწყობილნი, „ქართული ოცნების" და „ევროპული საქართველოს" მიმართ, ხოლო თითო-თითო პროცენტით უფრო უარყოფითად „მოქალაქეების" და „ხალხისთვის" მიმართ.
„რესპუბლიკური პარტია" და „თავისუფალი დემოკრატები", რომელთა მიმართაც ამომრჩეველს 2022 წლის სექტემბრის გამოკითხვაში შესაბამისად, 2 და 1%-იანი უარყოფითი განწყობა ჰქონდათ დაფიქსირებული, ამ გამოკითხვაში 1%-იან ზღვარს ქვემოთ არიან (ან საერთოდ არიან მოხსენიებულები რესპონდენტთა მიერ), ხოლო პარტია „ხალხის ძალა" 2022 წლის გამოკითხვის დროს ახალი დაფუძნებული იყო.
2022 წლის გამოკითხვასთან შედარებით ამომრჩევლის უარყოფითი განწყობის მატება