საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით აქტიურად მუშაობს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, პროექტირების მონიტორინგის ფარგლებში, ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო.

ზუგდიდის წყალარინების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით ახორციელებს. გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირებამ შეამცირა გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

ობიექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში, 50 მილიონ ლარამდე მოხმარდა. წყალარინების გამწმენდი ნაგებობები იცავს ნიადაგსა და წყალს დაბინძურებისგან, ხელს უწყობს ეკოსისტემის შენარჩუნებას და ქმნის სუფთა, უსაფრთხო გარემოს მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, მათი გამართული და უწყვეტი მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკოლოგიური მდგრადობისთვის.

ამ ეტაპზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში ექსპლუატაციაში გაშვებულია 6 გამწმენდი ნაგებობა: ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკში, ზუგდიდში, თელავსა და წყალტუბოში. სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ყვარელში, გუდაურსა და მარნეულში. ასევე, გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა დაგეგმილია მარტვილში, ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ბაკურიანში, საირმეში, ხაშურში, ქუთაისსა და სხვა.