„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში მივიდა, სადაც ენმ-ის წარმომადგენლები, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
ნიკა მელიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია.
„როგორ შეიძლება ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშიცაა მათ შორის სასამართლო სისტემაც. სასამართლო ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან, ის იმედი, რაც შეიძლება არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი „ქართულ ოცნებას“, რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალური იყო, ბუნებრივია ეს იმედიც გადაწურულია.
ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისია, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მიუხედავად ამისა ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა პირველ რიგში საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.