საფინანსო სისტემაში თუკი რამე რისკები, ან კითხვები გაჩნდება, ამ კითხვებს ჩვენ და კომერციული ბანკები ერთად გავუკეთებთ ადრესირებას და ყველა საერთაშორისო პარტნიორს დაველაპარაკებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„სანქციების აღსრულების მექანიზმში შეტანილი დაზუსტებით უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ სანქციების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა, ყველა პროცედურა აღსრულდეს ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მომენტისთვის ეს არის საუკეთესო გამოსავალი, პრინციპი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში აუცილებლად გარანტირებული უნდა იყოს მისი კონსტიტუციური და ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულება. ეს უცვლელია. გარკვეული განვითარება მომავალში, რაღაცის დამატება, დახვეწა ყოველთვის შეიძლება. ამაზე ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ“, - აცხადებს თურნავა.
მან ასევე ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი წევრის დამტკიცებაზე გააკეთა კომენტარი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ამ პროცესების ფონზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატებთან.
„მათაც დაინახეს, რომ გარკვეულმა აჟიოტაჟმა, რომელიც იყო ატეხილი, ნეგატიური ზემოქმედება იქონია. ამ თვალსაზრისით, ასევე დავარწმუნებთ, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა მდგრადია. ამ გადაწყვეტილების გამო ნამდვილად არ შეექმნება რისკები და თუკი რამე კითხვები გაჩნდება, ამ კითხვებს ჩვენ და კომერციული ბანკები ერთად გავუკეთებთ ადრესირებას და ყველა საერთაშორისო პარტნიორს დაველაპარაკებით. პირიქით, ასეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სანქციების აღსრულებადობას უფრო განამტკიცებს, ფინანსური სისტემის სტაბილურობასაც განამტკიცებს და ამაში ჩვენ მათ დავარწმუნებთ. ასევე მიმდინარე შეხვედრები მაქვს სხვადასხვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან. მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორი ინფორმაცია მიიტანონ თავისი ქვეყნების მთავრობებთან. ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენც გვიზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას“, - ამბობს თურნავა.