ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა.

„წინა გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმებულა მდგომარეობა, პერსონალურად ბატონ ივანიშვილს ვგულისხმობ. ამ ხალხმა დღეს ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაგვიანონსა არჩევნების გაყალბება 26 ოქტომბერს. პარტია, რომელსაც რეალურად 30%-ზე ნაკლები აქვს, ძლივს აღწევენ 30%-ს შიდა ჩატარებული კვლევებით, დღეს 60%-ზე და კონსტიტუციურ უმრავლესობაზე გველაპარაკებიან. როგორც ჩანს თავის მცირერიცხოვან ამომრჩეველს და შიდა პარტიულ გარემოცვას ამშვიდებენ ამით. გლობალური ომის პარტია, აგენტოკრატია - მძიმე იყო ამ ყველაფრის მოსმენა ქვეყნის პირველი პირებისგან. ეს ხალხი უკვე იმდენად არის დამძიმებული, რომ მათი საუბრები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. როგორც ჩანს, ივანიშვილს სჯერა იმის, რასაც ლაპარაკობს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობს.

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ ილაპარაკა ამდენი, ჩვენც გვახსენა. გვახსენა იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა, დღეს შესანიშნავად იცის, რომ დღეს თუ ვინმეს შეუძლია „ოცნების“ ელექტორალური დაზიანება და დასუსტება, ეს არის გახარია და თუ ვინმეს რესურსი აქვს იმისა, რომ „ოცნება“ დაამარცხოს, ეს არის პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ფაქტობრივად იმიტომ, დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ გახარიამ დატოვა „ოცნება“ და პარტია შექმნა. მესმის ეს შიშები, მესმის ეს ისტერიკა, რაც „ოცნებაში“ არსებობს, განსაკუთრებით ბოლო დღეებს განმავლობაში, ეს შიში კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ფსიქოლოგიურად, მენტალურად და კიდევ უფრო საშიშები გახდებიან ამ პანიკაში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.