ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი - „ლელოსთან“ დაკავშირებით საუბარი იყო მხოლოდ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის"თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც იას ამბობს, რომ გახარიას გუნდთან რაიმე ტიპის კონსულტაცია არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება.

„ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პოზიცია, რაც გვქონდა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამართლებრივად უკვე რეალიზებულია.  ანუ ამ ეტაპზე ჩვენ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. „ლელოსთან“ დაკავშირებით საუბარი იყო თანამშრომლობაზე, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მარტივად ავხსნი, რას ვგულისხმობთ - ჩვენ „ლელოს“ ვგულშემატკივრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. მათ შეიძლება არ წარმოუდგენიათ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემას წააწყდნენ, მაგრამ ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც ბოლომდე, ან გარკვეული დოზით „განაცებული“ არ არის ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ. გარდა ამისა „ლელო“ იდეოლოგიურად ყველაზე მეტად ჩვენთან ახლოს მდგომი პარტიაა და რა თქმა უნდა, გვინდა პარლამენტში მოხვდნენ, აქ საუბარია თანამშრომლობაზე“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში. 

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გუშინ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა: ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ -  ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის