გარდა იმისა, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების ვალდებულება მოიხსნეს ბიჭებმა, ათასობით ადამიანს, რომელიც ათეულობით წელია ამ „შეურაცხმყოფელ და უხერხულ“ პროცედურას გადის, უთხრეს, თქვენთვის შეურაცხყოფა და უხერხულობა მოსულაო,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ე.ი. რა გააკეთა ოცნებამ ნარკო-ტესტებზე: 
ვენეციის კომისიამ კორუფციის კანონის შეფასებისას დეკემბერში თქვა, სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმება ადამიანის უფლებაში ჩარევაა და ასეთი ჩარევა ლეგიტიმური მიზნით უნდა ხდებოდესო (ადამიანის უფლებების ანა-ბანაა და სწორია). ანუ, შემოწმება შესაძლებელია (უფრო მეტიც, სტრასბურგმა დაადგინა, რომ შესაძლებელია), უბრალოდ კანონის ჩანაწერი ნათელი გახადეთ და დააკონკრეტეთ მაგ.: რატომ ვერ შეასრულებს ნარკოტიკების მომხმარებელი ანტი-კორუფციულის უფროსი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქციასო ან თანამდებობის პირს კორუფციაზე თუ ამოწმებ, რა შუაშია ნარკოტიკების მოხმარებაო. ლეგიტიმური მიზანი დააკონკრეტეთო. თუ ნათელს არ გახდით ან არ დააკონკრეტებთ, რაც წერია, ის არ ვარგა და ამოიღეთო. 
და რა ქნა ოცნებამ? გააუქმა თანამდებობის პირის მიერ ანტი-კორუფციული ბიუროსთვის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგების წარდგენის ვალდებულება. თან დააყოლა, შეურაცხმყოფელი და უხერხულიაო.
გარდა იმისა, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების ვალდებულება მოიხსნეს ბიჭებმა, ათასობით ადამიანს, რომელიც ათეულობით წელია ამ „შეურაცხმყოფელ და უხერხულ“ პროცედურას გადის, უთხრეს, თქვენთვის შეურაცხყოფა და უხერხულობა მოსულაო.  
ხო, აქვე არ დაგვავიწყდეს დეკლარაციებში ხარვეზის შესავსებად 1 თვიანი ვადა რომ დაიწესეს. ასე თავისუფლად უნდათ გრიალი ბიჭებს - თან მოიხმარ, თან მოიპარავ“,- წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისათვის: სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ. შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტით უქმდება განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებული არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინონ, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.