გახარიას გუნდთან რაიმე ტიპის კონსულტაცია არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება - ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს, - ასე შეაფასა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.
„ეს ყველაფერი ჰგავს ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას გიორგი გახარიას მხრიდან. ცალსახად და მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც წარსულში არ ყოფილა რაიმე ტიპის კონსულტაცია და კომუნიკაცია გახარიას გუნდთან, არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება. თუმცა, მათ წარმატებებს ვუსურვებთ. გიორგი გახარიას მიმართ წარსულთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, თუმცა პასუხები არ მიგვიღია და არც უახლოეს მომავალში ველოდებით. სხვათა შორის, მის გუნდშიც არიან პროფესიონალი კვალიფიციური ადამიანები სპიკერები, რომელთა წვლილსაც დადებითად ვაფასებთ, მაგრამ ეს ხელს უშლის რაიმე ტიპის დამატებით სიღრმისეულ კონსულტაციებს, ან თანამშრომლობას. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა გახარიას გუნდთან არ განიხილება. ჩვენ გვაქვს ასევე მკაფიოდ გამოხატული პოზიცია ალტერნატიულ ერთობებთან დაკავშირებით, რაც საკუთარ თავში გულისხმობს იმას რომ უნდა არსებობდეს არჩევანის არსებობის შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და მოლოდინი იმისა, რომ „ლელო“ სხვა კოლეგა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იქნება გარანტია და დამზღვევი იმისა, რომ წარსულის შეცდომები ჩვენმა სახელმწიფომ და მომავალმა კოალიციურმა ხელისუფლებამ არ დაუშვას. ამ ალტერნატიული ცენტრის ნაწილად გიორგი გახარიას გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ არ განვიხილავთ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.