ისტორიის გაკვეთილები გვეუბნება, რომ კორუფციის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის გამოცხადება პოლიტიკოსების ხელში ძალიან ბასრი და ეფექტური იარაღია, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში

„კორუფციასთან ბრძოლა: რეალური თუ მოჩვენებითი?

ნებისმიერი საზოგადოება დადებითად არის-ხოლმე განწყობილი ხელისუფლების ანტიკორუფციული მოქმედებების მიმართ. შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ჩვენი ეპოქის მაგალითებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს სწორედ ანტიკორუფციული პროპაგანდის ტალღაზე მოუპოვებიათ ძალაუფლება.

სხვა საქმეა, თუ როგორ იყენებდნენ ისინი შემდგომში ასეთი გზით მოპოვებულ ძალაუფლებას, მაგრამ ისტორიის გაკვეთილები გვეუბნება, რომ კორუფციის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის გამოცხადება პოლიტიკოსების ხელში ძალიან ბასრი და ეფექტური იარაღია.

გავიხსენოთ, რომ 70-იანი წლების დასაწყისში მაშინდელმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ სწორედ მექრთამეობის (მაშინ ასე ეძახდნენ კორუფციას) წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით გადააყენებინა თანამდებობიდან კრემლს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე და მისი ადგილი დაიკავა.

თავის მხრივ, 30 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმაც კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით აიყოლია ხალხი, გადააყენა პრეზიდენტი შევარდნაძე და დაიკავა მისი ადგილი.

ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით გაიკაფა გზა ბელარუსის პრეზიდენტობამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ. აღარაფერს ვამბობთ იმ უამრავ შემთხვევებზე, როდესაც დემოკრატიულად მიჩნეულ საზოგადოებებში გამომჟღავნებული კორუფციის ბრალდბებით ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები გაასამართლეს კორუფციისთვის და სხვადასხვა სასჯელებით (მათ შორის უმაღლესი) დასაჯეს.

კორუფციის ბრალდებით დასჯილთა შორის იყვნენ საფრანგეთის, ბრაზილიის, სამხრეთ კორეის, ფილიპინების, პერუს და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, ევროკავშირის დეპუტატები და ევროსტრუქტურების არაერთი მაღალჩინოსანი.

ამიტომ კორუფციასთან ბრძოლის თემა ორლესული მახვილივითაა. ერთის მხრივ, საზოგადოებაში გაბატონებული ეს ავადმყოფობა აუძლურებს და ანგრევს სახელმწიფოს სხეულს და ნორმალური ხელისუფლება მას უნდა ებრძოდეს, ხოლო მეორე მხრივ, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს იმის ცდუნება, რომ ეს პოპულარული თემა არა კორუფციის აღმოსაფხვრელად, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს.

საქართველოში ბოლო ხანს გააქტიურებული ანტიკორუფციული ქმედებები ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს იწვევს.

ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩამოიშალა ოცნების ხელისუფლების მიერ წლების მანძილზე სისტემატური მტკიცება, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერია საერთაშორისო მასშტაბით, რის გამოც ამდენი წლის განმავლობაში საქართველო თითქმის ყველაზე წარმატებული ქვეყანა იყო, რასაც უცხოელებიც აღიარებდნენ.

ასეთ სკეფსისს აქვს საფუძველი, რადგან ოცნების მმართველობის პერიოდში თუ ამდენი მინისტრი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირი კორუფციაში ყოფილა ჩაფლული, როგორღა იყო საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა?

გარდა ამისა, ამ მოსაზრების ავტორები იმ კითხვასაც სვამენ, ხომ არ ხდება ხელისუფლების ერთი ჯგუფის მიერ მეორის რეპრესირება იმისთვის, რომ კორუფციის მართვის მექანიზმები თვითონ გადაიბარონ? ამის დასამტკიცებლად მათ მოყავთ მხილებული ქოლცენტრების მაგალითი, რომელთა ხელმძღვანელებიც დაპატიმრებულები არიან, ხოლო იქ მომუშავე ასეულობით რიგითის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არც კი დაწყებულა.

მეორე მხრივ, შესაძლოა ხელისუფლების ასეთი გააქტიურება მართლაც იყოს მიმართული კორუფციის ბუდის ამოსაძირკვად, მისი საფუძვლების დასანგრევად. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს ის გარემოება, რომ ხელისუფლებისთვის ამ ბრძოლაში არ არსებობენ ავტორიტეტები და არ ერიდებიან გუშინდელი საკუთარი თანამებრძოლების მხილებას და მათ წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომების გატარებას.

ამ მოსაზრების სასარგებლოდ ისიც მიუთითებს, რომ ოცნების დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კორუმპირებულობას ვერავინ აბრალებს და ამ მხრივ მათ უმწიკვლო რეპუტაცია გააჩნიათ. ამ ორი მოსაზრებიდან რომლის განვითარებისა და მტკიცების საფუძველს მოგვცემს მოვლენათა განვითარება, ეს ალბათ მალე გამოიკვეთება.

ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ სწორედ მეორე მიმართულებით განვითარებულიყო მოვლენები და საზოგადოების სულ უფრო მეტი ნაწილი დარწმუნებულიყო ოცნების ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის რეალურობაში და ეფექტურობაში. ამ გზაზე ჩვენ მხოლოდ ვგულშემატკივრობთ და წარმატებას ვუსურვებთ ხელისუფლებას“, - წერს ნანა კაკაბაძე.