რას და ვის ემსახურება რადიკალური ოპოზიცია და კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა,“ ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა და მკაფიოდ განმარტა, რომ ეს არის ჯაშუშური ქსელის დავალებების შემსრულებელი წარმონაქმნი, რომლის გასამართლების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას.

"ეს არის გარე დავალებების შემსრულებლების ჯაშუშური ქსელი. შეიძლება შეიქმნას კოალიცია, რომელზედაც უნდათ აქცენტის გაკეთება. კერძოდ, შექმნან კოალიციური მთავრობა, რომელიც ადვილად იმართება გარედან. ჩვენ იმიტომ ვართ „ხალხის ძალა“, რომ პირდაპირ ვლაპარაკობთ გარედან მანიპულაციაზე, იმაზე, რომ თითქოს კოალიციური მმართველობა არის დემოკრატიის კარგი მაჩვენებელი, არის სუფთა სპეკულაცია, მით უმეტეს იმ ძალებით, რომლითაც წარმოდგენილია ე.წ. ოპოზიციური სპექტრი. ეს არის ჯაშუშური ქსელი, რომელიც ასრულებს დავალებას. ახლა გაიყვნენ მარტივ მამრავლებად იმიტომ, რომ გარედან ასრულებენ დავალებას. ეს დავალება ნაციონალური მოძრაობის მიერ ვერ შესრულდა და ახლა აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე კეთდება. არაერთხელ გვითქვამს და გაგვიმახვილებია ყურადღება იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ქალის ტრანსფორმაცია. ჩვენს თვალწინ იყო ყველაფერი ეს, სულ რაღაც 2 წელიწადში შეიცვალა მისი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც აირჩია. პირდაპირ ჩართულია ეს ქალი ჯაშუშური ქსელის დავალებების შესრულებაში,“ -  განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ცდილობს თავისი ეროვნული ინტერესების ღირსეულად დაცვას და სწორედ ამ ფორმით პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე. „დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რომ საქართველომ ორ ფეხზე დგომით, პრინციპული პოზიციებით შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენთვის სადმე შესვლა ქოლგა კი არ არის, რომ თავი შევაფაროთ, არამედ ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ვთქვით, რომ გვინდა ღირსეული ქვეყანა ვიყოთ, ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვხედავთ ბევრ სიკეთეს ევროკავშირში, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია და არა ისე, რომ ვინმეს მფარველობის ქვეშ შევიდეთ ევროკავშირში და ვიყოთ ისე, როგორც საქართველო იყო საბჭოთა კავშირის დროს. ამაზე ჩვენ მკაფიო განმარტება გავაკეთეთ, ჩვენი ხელისუფლებაც ასეა მომართული. ახლა ცოტა ვერ ბედავენ, მაგრამ ეს გასაკეთებელია, ეს დგას დღის წესრიგში და აუცილებელია გასამართლება ამ ძალის.

იმის გამო, რომ არ ყოფილიყო სპეკულაცია არჩევნების თემით, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ. დიახ, უნდა მოვთხოვოთ "ქართულ ოცნებას", 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მხარი დაგვიჭირონ კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლების საკითხში, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვისას საზოგადოება გამოგყვა, სწორედ ამ სუვერენიტეტის დასაცავად საჭიროა ხელისუფლება ასე  მოიქცეს. ვიცით ვინ არის ეს ძალა და რას წარმოადგენს, როგორ შეიძლება ის ხალხის სახელით საუბრობდეს?“ -  განაცხადა  მიხეილ ყაველაშვილმა.