საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი. - წერს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:
პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლის სამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი.
ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის შეჩერებას.
იმედია, თავად სალომე ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც როგორც რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შემთხვევაში და სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატების არდამტკიცების მიმართულებით. ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისათვის: 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდადებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გამოიკითხნენ.