მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი „ოცნება“ და რომელიც ტარდება კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი“, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რის უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს. სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაცია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მისივე თქმით, „უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება“.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით“ საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება.
მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ახალი წლების შემდეგ მაინც).
ასევე, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და ნუ აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და მონაწილეობის უფლებას“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.