„ქართველ კაცს არასდროს უყვარდა ტოტალიტარული საზოგადოება. ვიცით, სხვანაირები ვართ ჩვენ, მოსიყვარულე ხალხი ვართ, ურთიერთგატანა გვიყვარს. უცხოელებსაც როგორ ვეფერებით ხომ?! ახალგაზრდებსაც შევხედოთ, ქართველებს კი არ უსმენენ, უცხოელი თუ რამეს იტყვის, აი მაგალითად, ფოტიგამ თქვა და ეგაა უმაღლესი ჭეშმარიტება. არაფერი ეგეთი. მთავარია, ჩვენ ამერიკელებთან გამოვნახოთ ისევ საერთო ენა. ამ პრობლემაში ორივე მხარეს მიგვიძღვის წვლილი. კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
"რამდენჯერ ვთხოვეთ, რომ პირველი პირების შეხვედრები გაეკეთებინათ, მაგრამ არც ერთხელ არ გააკეთა. როდესაც პირველი პირები ერთმანეთთან ურთიერთობენ აბსოლუტურად სხვა ურთიერთობები მიდის. მე ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება მონდომებულია აბსოლუტურად ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, მათ შორის მტრებთან, არათუ სტრატეგიულ პარტნიორებთან. სტრატეგიულმა პარტნიორმაც უნდა იცოდეს რას ნიშნავს ეს. ამიტომ კომუნიკაცია უნდა შედგეს“,- აღნიშნა მეუფემ.
მან ასევე ისაუბრა აშშ-თან პრობლემების მოგვარების გზებზე.
„ამერიკელებთან რომ მისაუბრია, სენატორები ძირითადად ფიქრობდნენ, რომ ეს პატარა საქართველო ვინაა, რომ ასე გვიტევს, გვიტევს და დეპარტამენტშიც ძლიერი ზეწოლა ჰქონდათ, რომ რამე იმოქმედეთო, ოდესღაც ვერ ავაწყვეთ კომუნიკაცია. დიადი ქვეყანა იმას ნიშნავს, დიდი ადამიანები უნდა მართავდნენ. ამიტომ ეს წყენა უნდა დაივიწყონ. ჩვენც დიდი ქვეყანა ვართ სულიერებით. მერე რა, რომ რიცხობრივად ცოტანი ვართ და პატარა ტერიტორია გვაქვს. შეგვიძლია ისევ დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. არჩევნებზეც თვითონ ნახავენ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მერე რას იზამენ? ქართველი ხალხი თავის არჩევანს დაიცავს. ჩემი და ჩემი თაობის მონაპოვარია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და უშუალოდ მეც ვმონაწილეობდი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. დღეს ბევრი ოპოზიციაში რომ არის, მაშინ კომპარტიას მისტიროდა. ჩვენ ამ მონაპოვარს ახალგაზრდობას შევუნარჩუნებთ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.