ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. 

" მე მინდა ახალგაზრდობას მოვუწოდო, ხედავთ ეხლა რეებიც ხდება მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში. 
გაზაფხულის ამბები ავიღოთ და ახლა შემოდგომა მოდის და მე მინდა, რომ გაზაფხულის ამბებმა ცოტა საღად შეახედოს ჩვენს ახალგაზრდობას, თუ რაში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, სად ვდგავართ, ვისთან ვდგავართ, სწორად ვიქცევით თუ არა. 


რა თქმა უნდა, ერთში და მთავარში მართლები არიან, მათ უნდათ თავისუფლება, მათ უნდათ რომ არ ვიყოთ დამოკიდებულნი. ამ შემთხვევაში ისინი მარტო რუსეთს იძახიან. სინამდვილეში არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე. თუმცა უნდა გახსოვდეს რომ საქართველო მარტო არ არის და შენს ირგვლივ არის რუსეთი, თურქეთი, სასომხეთია, აზერბაიჯანი, ახლოშივე ირანია, ცოტა მოშორებით ევროპაა და უფრო მოშორებით ამერიკაა და ა. შ. 
მრავალი ქვეყანაა, ორასამდე ქვეყანაა გაეროში. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიო ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ. მაგრამ საერთო რაღაცაზე რომ თანხმდები, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენ აზრს და  შენ არ უნდა იყო მარტო. 

მოხდა ასეთი რამ, რომ ერთ-ერთ კანონს უწოდეს ,,რუსული,,. მთელი ახალგაზრდობაც გაიძახოდა ,, არა რუსულ კანონს,,. ტელევიზორს როდესაც ვუყურებდით საინტერესო იყო, რატომ მიაჩნდათ რუსულად და არა მაგალითად გერმანულად, ან პაკისტანურად, ან ამერიკულად, ან ბრიტანულად და ა.შ. 
ვერავისგან ვერაფერი პასუხი ვერ მოვისმინეთ, იმიტომ რომ ვიღაცამ უთხრა ასე უნდა თქვათო. 


ერთი რამე ვიცოდეთ ახალგაზრდებო, ჩვენ ქართველები ქვევრები არა ვართ, რასაც ჩაგვძახებენ, ის არ უნდა ამოვიძახოთ. უნდა დავფიქრდეთ, ანალიზი უნდა შევძლოთ. ანალიტიკურ აზროვნებას რასაც ვეძახით, აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს მასეთი რამე.,,