უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
„კომისია შეაფასებს საქართველოს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც ანგარიშში გავწერეთ. როგორც იცით, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით და ასევე გავეცით რეკომენდაციები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ. ჩვენ მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ კვირის დასაწყისში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალი წესების მიღებას, რომელიც ჩვენ 2023 წელს წარვადგინეთ. ეს მოჰყვა პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც წლის დასაწყისში იყო და ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი, ვიდრე ის ძალაში შევა.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენება უკვე შესაძლებელია უკანონო მიგრაციის უეცარი ზრდის შემთხვევაში, რეადმისიაზე თანამშრომლობის არ არსებობის ან უსაფრთხოების რისკების შემთხვევაში და ახლა ახალი წესები იძლევა აქტივაციისთვის ახალ საფუძვლებს. მაგალითისთვის, ეს მოიცავს სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის არ არსებობას, ინვესტიციების სანაცვლოდ, მოქალაქეობის მიღების სქემები, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მიგრაციის ინსრტუმენტალიზაციას და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესებას მესამე ქვეყანასთან. ასევე, ეს შესაძლოა მოიცავდეს, ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების სერიოზულ დარღვევებს.
რომ შევაჯამოთ, ახალი წესები უფრო სწრაფ და უფრო გადამწყვეტუ მოქმედებების საშუალებას იძლევა, როდესაც საუბარია უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, ახალი საფუძვლები იქნება უფრო სწრაფი და უფრო მოქნილი. ეს არის ჰორიზონტალური ზომები, რომელიც გამოიყენება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებთან“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.
თარგმანი: პირველი არხი