თეა წულუკიანი საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძლიერი ოპონენტი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„ეს ამბიცია გვაქვს და ეს ამბიცია ამ ქვეყანას გამოადგება იმაში, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღებოდეს და არა საქართველოს გარეთ. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი შემთხვევითი არ არის. ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი. ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებითაც წარმატებულები იქნებიან. სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან და გუნდმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს, ნაციონალური მოძრაობისთვის ძლიერი ოპონენტი იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში მე-6 ნომრად კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი წარადგინეს.