სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. როდესაც მათ თქვეს: „ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ გაბრაზება ქართველი ხალხისო“, გააბრაზეს საკუთარი ამომრჩეველი. ჯერ „გაბრაზების განხორციელება“ რაღაც ახალი ტერმინია. რეებს ლაპარაკობენ, აჭრილები არიან, ვეღარც მეტყველებენ სწორად, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ სამოქმედო გეგმის ორშაბათს გასაჯაროების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ელექტრონული არჩევნების პირობებში ასობით ათასი ხმის მოპარვაზე საუბარი შეურაცხმყოფელია.
„რეალურად, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. გულწრფელად მესმის მათი. როდესაც ეუბნები ამომრჩეველს, რომ „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და შემდეგ იღებს 54%-ს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა ვერ ხვდები, ვერც ტოპ-ტვინები გიტვინავენ, ვერც თენგო იძახის ვერაფერს და ხარ ამ საოცარ მდგომარეობაში, როდესაც არსად გაქვს გასაქცევი, არსად გაქვს შესასვლელი (არგუმენტებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და არა სხვა გაქცევებს, რამე რომ არ დაგვაბრალონ) და მერე იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც გეგმა იქნება ორშაბათს.
ამიტომ, მოდი ძალიანაც ნუ დავძრახავთ ამ ხალხს. ამ ხალხმა ერთი ტყუილი თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ 25-30% აქვს და მეორე ტყუილს ახლა ლაპარაკობენ, გადასაფარად. როცა გეუბნებიან, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა მოიპარა ვიღაცამო, ჩემი აზრით, შეურაცხყოფილად უნდა იგრძნო თავი და სერიოზულად არ უნდა გაიმეორო არც მოქალაქემ, არც ჟურნალისტმა, არც პოლიტიკოსმა. შენს თავს აყენებ შეურაცხყოფას, ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმის მოპარვაზე რომ ლაპარაკობ 2 მილიონიდან. აგონიაში მყოფი ადამიანის სასოწარკვეთილი ბოდვაა, როდესაც ამბობს: „გუშინ კი ვამბობდი, რომ ერთ ხმასაც ვერ მოიპარავენ და დღეს 300 ათასი, 200 ათასი ხმა მოგვპარეს“. წარმოუდგენელი ამბავია, სხვა გზა არ გააჩნიათ და ამიტომ, მათი უგეგმობა ამით არის გამოწვეული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.