როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება. ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას თბილისის მერობის კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.
„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, უთხრეს და რამდენიმე თვეში გადაიქცა მეოთხე-მეხუთეადგილოსან პარტიად. შეუმცირეს დაფინანსება, სხვას მოუმატეს დაფინანსება, სხვა გახდა დომინანტი იმის იმედით, რომ ისინი „ნაცებად“ არ აღიქმებიან. ვიღაცამ გაიდლაინები დაულაგა და მითითებები მისცა აგენტურას, რომ, „ნაცმოძრაობა“ და „ნაცები“ იმდენად დისკრედიტირებულები არიან, რომ მათ გამარჯვების შანსი აღარასოდეს აქვთ და იქნება ახლა სხვა პარტიები გაიყიდონ „არანაცებად“ და „არააგენტურად“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაცობა“ არ არის პოლიტიკური კუთვნილების აღმნიშვნელი სიტყვა, არამედ აგენტობისა და სხვისი მსახურობის აღმნიშვნელი სიტყვაა.
„ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს, ვერც წარსულს. ისინი უზრუნველყოფენ ყველაფერს ცუდს, რაც ამ სიტყვასთან და აგენტობასთან ასოცირდება, იმიტომ რომ როდესაც არ ემსახურები შენს ქვეყანას, ყველაფერ ცუდს იკადრებ, იმიტომ რომ ეს უკვე ნაკადრები გაქვს სხვისი მსახურებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.