მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის,  მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი, ბევრია ასეთი,  ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე. -  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა  მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრეცენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ: ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით  და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა, ეს არის უკვე სასჯელზე და არა სახდელზე საუბარი, პატიმრობა სამ წლამდე ვადით.

იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 
ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება რა თქმა უნდა შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე. 

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც.
ეს ახალი ნორმა იქნება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.