კუდის მოქნევის მორიგი ძალიან ცუდი მცდელობაა, ბლინკენი არის ის თანამდებობის პირი და ბიუროკრატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაწიოს ჯარში გასაწვევ პირთა ასაკი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე – „ ენტონი ბლინკენმა როგორც აღნიშნა, აშშ ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები“.
მდინარაძის თქმით, მმართველ პარტიას დამატებით არაფერი აქვს სასაუბრო ენტონი ბლინკენთან.
„მე ვეთანხმები ვიქტორ ორბანის დღევანდელ შეფასებას, რომ უნდა შეწყვიტონ მათ ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მით უმეტეს ასეთი მავნებლური მოწოდებები, რომ უკრაინელებმა კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შესწირონ ამ საშინელ ომს. ვუერთდებით ამ განწყობას და პათოსს. გვახსოვს, ბატონი ბლინკენის გახმოვანებით წინა წლებში, თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებზე და მსგავს საკითხებზე. სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს. როცა ასე ჰაერიდან მოიტან და აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო, უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები აქეზებს ძალადობას, მათ შორის ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში. გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავის თანამშრომლებს გამოუცხადა, კაცს კაცი და ქალს ქალი არ დაუძახონ, ასეთ ხალხთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა უნდა ეცადოს, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ყველას მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის გარეთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში. ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იგივე პოზიცია, მათ შორის ელჩი დანიგანის მიერ, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, ასევე უხეშად ჩარევას ნიშნავს და ახალისებს ძალადობას. როცა ისინი მოძალადის კონტექსტში მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, შევახსენებ, რომ მოძალადედ როცა მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, კარგად უნდა გაიხსენონ, რომ მათი მსგავსი გადაწყვეტილებები და განცხადებები ახალისებს მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების მიერ ძალადობის ორგანიზებას. კარგად ვნახეთ, ეს ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან. ეს კარგად უნდა გაითავისოს ასეთი განცხადების ყველა ავტორმა. ისიც უნდა გაითავისონ, რომ არა მხოლოდ წახალისება, ეს პარტიები მარტო მოძალადეები კი არ არიან, ძალადობის ინიციატორებიც არიან. მინდა, მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება, რაღაცას აპროტესტებდეს, დიდი ბოდიში, მაგრამ ისინი მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს. ეს არ არის ჩემი ტერმინი. ნუ გამოაყენებინებთ თავს. ნუ გახდებით იმ ძალადობრივი ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი, რომლის მიხედვითაც, ისინი გაჯერებენ, რომ გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში, გაჯერებენ, რომ 300-დან 400 ათასამდე ხმა გაყალბდა“, – განაცხადა მდინარაძემ.