ე.წ. ვეტინგის საკითხი შეგვიძლია, რომ დახურულად გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.

„ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენი საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ, ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან და თუ პიარკამპანიებისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.