საზოგადოების დაპირისპირებას არ შეგარჩენთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მინდა, ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაამყაროს რუსული დიქტატურა. ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით ყოფს ქვეყანას და აპირისპირებს საზოგადოებას. მინდა, მას ვუთხრა, რომ ამ კანონის და, საერთოდ, რუსიფიცირება საქართველოში არ გამოუვა, ამდენ ადამიანს ვერ დააჩოქებს. არცერთი ჩვენგანი არ შეეგუება, რასაც ის აკეთებს ქვეყნის და ეროვნული ინტერესების საწინააღდმდეგოდ. ეს არ გამოვა არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვიქნებით აქ, ვიდრე საქართველო არ გაგისტუმრებს ამ პოლიტიკური არენიდან, შენ ამ ქვეყანას მოუტანე დიდი ზიანი, გახლიჩე ქვეყანა, აპირისპირებ და ამ დაპირისპირებას არ შეგარჩენ. ამ ახალგაზრდებს მე და ჩემი თანაგუნდელები ვუდგავართ ბოლომდე გვერდში, არცერთ მათგანს არ დაგაჩაგრინებთ.
დეპუტატებს, მინდა, ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ, რადგან თქვენ ემსახურებით რუსეთს. ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, ეს არ არის მუქარა, თქვენ გექნებათ სერიოზული ზეწოლა ქართული საზოგადოების მხრიდან, რადგან ანტიეროვნულ საქმეს აკეთებთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.