2026 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპების ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ - „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის საკითხის მიმართ საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გადასაქცევად“.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და ამ მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გამოსვლის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ - მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება.













