პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, შვედეთის სამეფოში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
მაკა ბოჭორიშვილმა, ქ. სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არონ ემილსონთან და კომიტეტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე იოჰან ბუზერთან.
შეხვედრებისას, შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პარალელურად, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დინამიკას.
მხარეებმა, ასევე იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე; ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე.
შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად და ასევე, შვედეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე: „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები სხვადასხვა კვლევითი ცენტრებიდან და შევედეთს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მოლოდინებზე.
შეხვედრას ესწრებოდა შვედეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული.