ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ქ. სტოკჰოლმში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე, შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და ევროპის მომავალზე იმსჯელეს.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა:
„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით თვალსაჩინოა. მოველით, რომ ევროკავშირი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ძალისხმევას და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, იმისათვის, რომ აღარ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული გზა“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სხდომაზე, ცალკე სესია დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს ევროკავშირში.
აღნიშნულ საკითხზე გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თანამშრომლობაზე ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიღწევებზე.
„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მრავალი მიმართულებით, თვალსაჩინო და ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ წვლილი შეიტანოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევაში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ფარგლებში, როგორიცაა, ევროპოლი, ევროჯასტი და ფრონტექსი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას.
ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი ილვა იოჰანსონი, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი ოტმარ კარასი, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენი, შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ჯესიკა როზვალი და ევროკავშირის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანი კრისტიან დანიელსონი.
შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, - შვედეთი მასპინძლობს, სტოკჰოლმში 29-30 იანვარს გაიმართა და მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მონაწილეობდნენ.